შსს-მ თბილისსა და ქუთაისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ოთხი მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.

ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და ოთხი საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ეფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.