შსს-მ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ საერთაშორისო ნარკოდანაშაულის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თბილისის ოფისისა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული მ.ქ. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „ მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.