შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-მ რუსთავში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ტ.ნ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ტ.ნ. ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, დამალული „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, 42 საბრძოლო ვაზნა და „ეკოლის“ მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.