შსს-მ „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილე ორი პირი დააკავა
შსს-მ „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილე ორი პირი დააკავა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ორი პირია დაკავებული – ამის შესახებ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად   ჩატარებული  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს.

ერთ-ერთი არის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, კრიმინალური ავტორიტეტი  მეტსახელად „დობო“. პოლიციამ იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა. ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში, იმ დროს დააკავეს,  როცა იგი ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. ქურდული გარჩევა მოუწყეს,  დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან: ეგრეთ წოდებულ „ნოდარ გლდანსკი“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და  „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომლებისგანაც  დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მამუკა ჭელიძის თქმით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. 

„გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა  დასჯადი გახდება.

ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონში შევა“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ და საზოგადოებას შეახსენა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ სამართალდამცველებმა ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობისათვის დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 6 წევრი დააკავეს.