შსს-მ ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნა
შსს-მ ქურდობის ხუთი ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ თვეში ქურდობის 5 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გახსნეს ქურდობის ფაქტები: ბათუმში – 3, შიდა ქართლში -1, ხოლო ქალაქ ახალციხეში – 1 ფაქტი. სულ დაკავებულია 6 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებულმა გ.დ.-მ და 1998 წელს დაბადებულმა ნ.ქ.-მ ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე 3 ბინა გაქურდეს, საიდანაც, დაახლოებით, 4000 ლარის ღირებულების საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, იმავე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ა.ზ.-მ გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ე.წ. DVD-ფლეიერი, ვიდეომაგნიტოფონი, სეტთოფბოქსი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ქიწნისში, ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა კ.კ.-მ, 1982 წელს დაბადებულმა გ.გ.-მ და 1977 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ფ.ს.-მ ქალაქ ახალციხეში, რესტორანი „თოლიადან“ ძვირადღირებული ე.წ. „ჩილიმები“ მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ბოლნისის რაიონ სოფელ ტალავერში, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – განაცხადეს შსს-ში.