შსს-მ ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი
შსს-მ ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს.

„პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.