შსს-მ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში არასრულწლოვნის ქორწინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა გათხოვდა.

როგორც პირველ არხს ქობულეთში განუცხადეს, გოგონას დედა ამავე სკოლაში საქმეთა მმართველია, ხოლო არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ სკოლის დირექტორი და პედაგოგიც ინფორმირებულები იყვნენ. დირექტორს ქორწინების შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის არ უცნობებია.

„გათხოვების პერიოდში, გოგონა ჩვენს სკოლაში არ ირიცხებოდა. ქორწილში კი იმიტომ ვიყავი, რომ ჩემმა თანამშრომელმა დაგვპატიჟა. რაც არ უნდა პროტესტის გრძნობა გამჩენოდა, მე რა უნდა მექნა? ჩემი პოზიციაა, რომ ბავშვმა სკოლა უნდა დაამთავროს, განათლება მიიღოს და მერე გათხოვდეს, მაგრამ სამწუხაროდ, შვილები არ გვეკითხებიან და გადაწყვეტილების პროცესში თავისუფლები არიან“, – განაცხადა დირექტორმა.

ქობულეთის რესურსცენტრში ამბობენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს გაიგეს და შესაბამისი ინფორმაცია აცნობეს როგორც განათლების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.