შსს-მ პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შსს-მ პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული გ.კ., 1984 წელს დაბადებული ი.ბ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალციხეში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზემოხსენებული პირები მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ. საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ-ერთ თურქულ ბარში მივიდნენ. მათ ბარში მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, შესვლისთანავე, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულ სამმართველოში შეტყობინება შევიდა.

ახალგაზრდები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, დაეცვათ წესრიგი. მათ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე (საქართველოს ასკ-ს 173-ე მუხლით), ადგილზე დააკავა.

ბარში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოიკითხა ყველა მოწმე“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამივე პირი პოლიციამ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ.

„ერთ-ერთმა დაკავებულმა, გ.კ.-მ დამატებითი სამედიცინო შემოწმება მოითხოვა. პოლიციამ იგი, შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანა. საავადმყოფოში გ.კ.-ს ჯანმრთელობის დეტალური შემოწმება ჩაუტარდა, კომპიუტერული ტომოგრაფიების ჩათვლით, რის შედეგადაც დადგინდა, რომ მას რაიმე სახის დაზიანება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა არ აღენიშნება. გ.კ. ამჟამად გადაყვანილია ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვა.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის პირველი ნაწილით)“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.