შსს-მ ოზურგეთში პოლიციელზე განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ორი პირი, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ, თბილისში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1997 წელს დაბადებული დ.ს. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.

„პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ჩ. და დ.ს. 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. პროკურატურა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისთვის გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.