შსს-მ ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისში ერთი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ბ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს , 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.