შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ 1990 წელს დაბადებული მ.თ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე, მ.თ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ფხვნილი ამოიღეს. ბრალდებულმა გამოკითხვისას აღიარა, რომ ამოღებული ფხვნილი მისი კუთვნილი იყო და ნარკოტიკულ საშუალებას – ე.წ. „სირეცს“ წარმოადგენდა. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მ.თ.-ს ნარკოტიკული საშუალებების – ოპიუმისა და ამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული მ.თ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის შვილია.