შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის, შიდა ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული შ.ვ., 1996 წელს დაბადებული ი. მ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული დ. ს., 1974 წელს დაბადებული ა.ბ. და 1995 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს.

„პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია ელექტროსასწორები და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 18-260-ე ტერცია, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.