შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავა, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები

10:36, 06.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი. ისინი შემდგომი გასაღების მიზნით ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 192 შეკვრა „მეთადონი“, ასევე „სუბოქსინი“, „კეტამინი“, „ჰაშიში“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინის“ შემცველი 150 აბი, კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

დაკავებულებს შორისაა პირი, რომლის მხილების მიზნით სამართალდამცველებმა მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი