შსს-მ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა
შსს-მ ხუთი ნარკორეალიზატორი დააკავა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან – ხუთი ნარკორეალიზატორია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სულ ამოღებულია: 2750 აბი „ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი „სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ. „სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.

„როგორც მოგეხსნებათ, საქართველო აქტიურად ჩართულია ტრანსსასაზღვრო ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში. ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ინტერპოლთან, ევროპოლთან, ჩართულია ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სხვა საერთაშორისო ფორმატებში. ასევე, საქართველოს მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვს პარტნიორ ქვეყნებთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად მოხდა იმ ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა და დაკავება, რომელიც საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ახორციელებდა. დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა, ჯაბა ხულორდავა მსჯავრდებულია. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს, წარსულში მსჯავრდებულ ირაკლი ქორიძეს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა მოხდეს შესაძლო უფრო მსხვილი საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.