შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი პიროვნება ერთი ოჯახის წევრია
შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი პიროვნება ერთი ოჯახის წევრია

პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია შვიდი პირი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა.

მისივე თქმით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მისცა 676 პირი.

„პოლიციამ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის კიდევ ერთი მასშტაბური სქემა გამოავლინა. დაკავებულია შვიდი პირი. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა შორის, ოთხი ბრალდებული ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი. შვიდკაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. შვიდივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ორგანიზებული ჯგუფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მათ მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით დააკავეს.

„რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა, ინტერნეტპლატფორმა „მატანგაზე“ დაარეგისტრირეს მაღაზია, სახელად MEGASHOP, რომლის მეშვეობითაც ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. კერძოდ, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შემძენ პირებს უგზავნიდნენ, ხოლო თანხა ვებგვერდ „მატანგას“ ანგარიშზე ერიცხებოდათ. სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება და აბები: „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და კოკაინი, – აღნიშნა ბორცვაძემ.

ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ავტომანქანები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც ისინი ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

„პოლიციამ, ბრალდებულთა მითითებით, თბილისში სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ამოღებულია: 13 კილოგრამი ჰეროინი, 1530 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“; 2400 აბი „ექსტაზი“, 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულ 676 პირს შორის 55 ნარკორეალიზატორია“, – აღნიშნა ბორცვაძემ.