შსს-მ გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა
შსს-მ გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მიხა არაბულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

„დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა ორი ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ჩაერთო. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. დუშეთში ჩამოფრენისთანავე, ვერტმფრენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დახვდა და 76 წლის მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.