შსს-მ გასულ წელს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა
შსს-მ გასულ წელს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარ დაჭრაში ბრალდებული ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოსა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის 7 აგვისტოს პარკ „ციცინათელაში“ მომხდარი დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ა. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 2020 წლის აგვისტოდან იძებნებოდა.

დანაშაულები შვიდიდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ა.ა.-მ 2020 წლის 7 აგვისტოს პარკ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით ორი მოქალაქე დაჭრა. შემდეგ, იგი ავტომანქანით დაედევნა დაჭრილი მამაკაცების ახლობლებს და ქობულეთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, მათი ავტომანქანის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა, ა.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ა. მომხდარში იმავე დღეს ამხილეს და ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით. ბრალის წარდგენის შემდეგ ა.ა.-ს მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პოლიციამ ძებნილი პირი დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: „მაკაროვის“ სისტემის ორი პისტოლეტი, WEİHRAUCH MELLRİCHSTADT-ის მოდელის რევოლვერი, სამი მჭიდი, 47 ვაზნა და ორი დანა.

ა.ა.-ს მიმართ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძალადობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით.