შსს-მ „ევროპაბეთის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა
შსს-მ „ევროპაბეთის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის – „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა კ.კ. და დ.მ. თბილისში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ე.წ. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.

დატოვე კომენტარი