ბოლო ერთ თვეში შსს-მ სხვადასხვა ტიპის 130 ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

უწყების ცნობით, 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

„ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს:

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი – 12;

კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები – 73;

ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები – 34;

თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი – 11;

აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი – 18;

ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

აღსანიშნავია, რომ პირველი იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აქტიურად განაგრძობს უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც უწყების მიერ მძიმე დანაშაულების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.