შსს-მ ცხრა მილიონ ლარამდე ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 676 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად გაანადგურა. განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, ცხრა მილიონ ლარამდეა.

შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

„სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 3065 აბი „სუბუტექსი“, 302 გრამი „ჰეროინი“, 205 აბი და 14 კაფსულა „ტრამადოლი“, 327 კილოგრამი „კანაფი“, 13 კილოგრამი „მარიხუანა“, 16 კილოგრამი „კანაფის ფისი“, 7 კილოგრამი და 1150 აბი „კოდეინი“, 204 კაფსულა „მეტადონი“ და 287 აბი „მდმა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტის მქონე მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.