შსს-მ ბოლო ექვს თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1 877 საბრძოლო ვაზნა ამოიღო
შსს-მ ბოლო ექვს თვეში 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1 877 საბრძოლო ვაზნა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ს.ტ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ოჯახში ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივნისს საკუთარ შვილს – 2005 წელს დაბადებულ ა.ტ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პოლიციამ იგი დააკავა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც ამოიღეს დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 218 საბრძოლო ვაზნა, ხელყუმბარა, სანადირო თოფის კონდახი და ე.წ. ცევეო, ოპტიკური სამიზნე და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი.

გამოძიება ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული რ.უ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, „მაკაროვისა“ და „გოლდსტარის“ სისტემის პისტოლეტები, 3 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მოსახლეობისგან უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში, სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში სხვადასხვა სისტემისა და მოდელის 202 უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 1 877 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება უკანონო იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების მიზნით, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს.