შსს-მ ახალციხეში ბინის და ავტომობილების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული პ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა.

„პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე პ.ჭ.-მ ბრალდებულის სახით დაკავებისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.