შსს-მ აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფრიკის დასახლებაში არასრულწლოვნის სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებაში ჩართული არიან სპეციალიზებული გამომძიებლები, არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში კი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები.

„გამოძიების დაწყებიდან მალევე, სამართალდამცველების მიერ გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მოხდა. გარდაცვლილი აღმოჩნდა 2006 წელს დაბადებული არასრულწლოვანი – ს.ც. აქედან გამომდინარე, გამოძიებაში სპეციალიზებული გამომძიებლები ჩაერთნენ და გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ განაგრძო.

გამოძიებას მონიტორინგს უწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია გარდაცვლილი არასრულწლოვნის ტანსაცმელი. კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან მისი ფეხსაცმელები, ხოლო მიმდებარე კორპუსის სახურავიდან არასრულწლოვნის კუთვნილი ჩანთა.

ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციის მატარებელი ნივთები. გამოიკითხა ოცამდე მოწმე, მათ შორის გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები, თანატოლები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები. არასრულწლოვანთა გამოკითხვების პროცესში ჩართული არიან სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გრძელდება საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.