შსს-მ აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ აჭარაში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების მიზნით მისულ პოლიციელებს გ.ნ.- მ წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს – 1980 წელს დაბადებულ ჭ.ა.-ს მინის ბოთლის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული სამართალდამცველი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

პოლიციამ გ.ნ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა.

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.