შსს-მ 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმა, 252 ობიექტი კი გააფრთხილა
შსს-მ 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არარსებობის გამო დააჯარიმა, 252 ობიექტი კი გააფრთხილა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო ექვს თვეში (იანვარი-ივლისი) არაგეგმიური შემოწმებების დროს, 465 ლიცენზირებადი ობიექტი გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის არარსებობის, ან სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დააჯარიმა, ხოლო 252 ობიექტს გაფრთხილება მიეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ლიცენზირებადი სააფთიაქო ქსელები, აზარტული თამაშების ობიექტები (მათ შორის ტოტალიზატორი, სლოტ-კლუბი, ლოტო, სამორინე), ავტო-გასამართი სადგურები და სავალუტო ობიექტები ვალდებულნი არიან, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის დამონტაჟება და შეუფერხებლად მუშაობა უზრუნველყონ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ირგვლივ მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარება და დანაშაულის უმოკლეს ვადაში გახსნას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტების არაგეგმიურ შემოწმებას მუდმივად ახორციელებს. კონტროლდება გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, კონკრეტულად კი, რამდენად ეფექტურად არის ხედვის არეალი დაფარული. ასევე, დამონტაჟებულია თუ არა ობიექტის გარე პერიმეტრზე 2 მთავარი კამერა (გარდა აფთიაქებისა ყველა სხვა ობიექტს ევალება სათადარიგო შესასვლელის არსებობის შემთხვევაში ერთი სათადარიგო, იგივე პარამეტრების მქონე ვიდეოკამერის განთავსება) შესაძლებელია თუ არა ძირითადი ან სათადარიგო (გარდა აფთიაქებისა) შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსის დაფარვა, აქვს თუ არა სისტემას 30 დღიანი ჩანაწერის შენახვის მეხსიერება, არის თუ არა ჩანაწერის გარჩევადობა არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა და დღე-ღამის რეჟიმში იძლევა თუ არა ვიდეოჩანაწერი შესაძლებლობას, რომ ზემოაღნიშნულ არეალში მოხდეს პიროვნების სახის იდენტიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ არაგეგმიურ შემოწმებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპლექსურად, ლიცენზიის გამცემ სუბიექტთან ერთად ატარებს, მათ შორისაა ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები, ეროვნული ბანკი და შემოსავლების სამსახური.

საერთო ჯამში, წელს არაგეგმიური შემოწმება 1640 ობიექტში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში არეალის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს და ამ ობიექტებს ლომბარდებიც დაემატება“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.