შსს ჯიპებს სედანის ტიპის 50 ავტომობილით შეცვლის
შსს ჯიპებს სედანის ტიპის 50 ავტომობილით შეცვლის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დანაყოფებისთვის სედანის ტიპის ავტომობილების შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადეს. სამინისტრო ახალი ავტომობილებით ქალაქის პირობებში მომუშავე ოპერატიულ მაღალი გამავლობის ჯიპებს შეცვლის.

„ტენდერის პირობები, ასევე ვადები არის გამჭვირვალე და განსაზღვრულია, როგორც სხვა კონსოლიდირებული ტენდერების შემთხვევაში. ტენდერი გამოცხადდა 14 მარტს, ხუთი დღის შემდეგ განაცხადების მიღება დასრულდება დღეს, 19 მარტს. მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ბიზნესოპერატორს შეუძლია.

ტენდერი გამოცხადებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის N14 ბრძანებით, აგრეთვე „2019 წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 დეკემბრის № 2299 განკარგულების საფუძველზე“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.