შსს-ის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს
შსს-ის სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

„სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რადგან ჩვენი ახალი მიდგომით, სწორედ ეს არის კარი, რომელიც უნდა შეაღო, თუ გინდა, რომ სისტემაში მოხვდე. ჩვენ გათვლას ღია კონკურსზე ვაკეთებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები მოვიზიდოთ. ეს დასაქმების ფორუმიც გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს და თბილისის ფარგლებს გასცდეს. შემოდგომაზე უკვე დასავლეთ საქართველოს მოვიცავთ. გვინდა, მეტად მივაწოდოთ ახალგაზრდებს ხმა, თუ დასაქმების რა შესაძლებლობები არსებობს ჩვენთან. დღევანდელ ფორუმზე წარმოდგენილი გვაქვს როგორც საპოლიციო, ისე არასაპოლიციო პოზიციები, რეალური ვაკანსიები, სტაჟირებები და ეს სტაჟირებაც, რეალურად, არის გზა, რომ შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხვდეთ. იურისტებს, ალბათ, განსაკუთრებულად დააინტერესებთ გამომძიებლის სტაჟირების პროგრამა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დავნერგეთ და აღსანიშნავია, რომ ეს სტაჟირება ანაზღაურებადია. ასე რომ, ეს არის რეალური ვაკანსიები მათთვის, ვისაც ჩვენს სისტემაში უნდა მუშაობა”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ჯავახაძემ.

ფორუმის მონაწილე სტუდენტებს სიტყვით ასევე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგენიძემ.

შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე ჩატარდა. სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს 400-მდე აქტიური ვაკანსია და სტაჟირების პროგრამა შესთავაზეს.

ფორუმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ 17 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის საკითხებს მოიცავს. დასაქმების ფორუმზე სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და მათ მიერ გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ფორუმი პირველად 2016 წელს ჩაატარა, რის შედეგადაც დასაქმებული სტუდენტები სამინისტროში დღესაც მუშაობენ.