შსს-ის ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები
შსს-ის ცნობით, გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები

მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

„გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი.

ასევე, ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი დანაყოფის წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა.

სტიქიის ადგილზე მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ამ ეტაპზე მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები.

მაშველების მიერ მდინარე სუფსიდან ამოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქე; სოფელ ჯუმათიდან, დამეწყრილი ტერიტორიიდან გამოყვანილია ერთი მოქალაქე, ხოლო სოფელ სუფსიდან 9 მოქალაქე, რომელთაგან 7 ბავშვია.

ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი და 2 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112“-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.