შსს იძიებს ხაშურში მომხდარ ავარიას, რა დროსაც პატრულის მანქანა ქალს დაეჯახა
შსს იძიებს ხაშურში მომხდარ ავარიას, რა დროსაც პატრულის მანქანა ქალს დაეჯახა

შსს იძიებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხაშურში ორი დღის წინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ფეხით მოსიარულე ქალმა გზა გადაუჭრა, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა.

შსს-ს ცნობით, ქალი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია. რამდენიმე საათში, მან საავადმყოფო დატოვა.