შსს გიორგი გახარიასა და თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამის შეხვედრის ვიდეომასალას ავრცელებს

15:19, 10.10.2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი გახარიასა და თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამის, მამუკა ნაცვლიშვილის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

მამუკა ნაცვლიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს იმყოფებოდა. მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი გახარია დაჰპირდა, რომ სიტუაციას შეისწავლის.

როგორც ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის მამა ამ დრომდე საპატრულო პოლიციის რიგებში ირიცხება. მამუკა ნაცვლიშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს.

თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი