შსს გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ გაუქმდა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულება და ასევე გირაო, რომელიც მას 2019 წლის 12 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა.

განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი.

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2 000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.წ. „ფონდების“ საქმეზე, გიორგი უგულავას მიესაჯა საპატიმრო სასჯელი, ხოლო აეროპორტში მომხდარი ძალადობის საქმეზე სასამართლო განხილვის ეტაპზე, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების თაობაზე.

პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი. აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას ქვეყნის დატოვების უფლება უკანონოდ შეუზღუდეს.

დატოვე კომენტარი