შსს - დეტალურად ვსწავლობთ აქციისას ინციდენტების ამსახველ ვიდეომასალას, რომელთაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება
შსს - დეტალურად ვსწავლობთ აქციისას ინციდენტების ამსახველ ვიდეომასალას, რომელთაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება

დეტალურად ვსწავლობთ აქციისას ინციდენტების ამსახველ ვიდეომასალას, რომელთაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა.

სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

გუშინ, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.

სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეომასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში აცხადებენ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.