შსს ჩხოროწყუში ორი პირის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შსს ჩხოროწყუში ორი პირის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ვ.ა., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ჩხოროწყუში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ორი ადამიანი დაჭრა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ცხრიდან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დაჭრის ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი და და მეგობარი დაჭრა.

დატოვე კომენტარი