შსს - ბორჯომში სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან
შსს - ბორჯომში სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების განცხადებით, საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ბორჯომში იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სამართალდამცველები ბორჯომის საკრებულოს შენობაში დეპუტატებს დაპირისპირების თავიდან აცილებისა და მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ უშვებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე, წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და კანონის დარღვევის შემთხვევაშიო, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

ბორჯომის საკრებულოს შენობასთან ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი მივიდა, რომლებიც შენობაში არ შეუშვეს.

შენობაში ამ დროისთვის ბორჯომის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრების ნაწილი იმყოფება.

„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ წევრები შენობაში მყოფ საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენენ, რათა გუშინ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია და ვებგვერდზე განთავსება მოხდეს.

ბორჯომის საკრებულომ მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა გუშინ, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.

თავმჯდომარის პოზიციას, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, გუშინ საგანგებოდ ჩატარებული სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. მისივე თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკითხს განიხილავენ, შესაძლოა, ერთ კვირაში ჩაინიშნოს.

ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

ამასთან, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.