შსს ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება.

შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.

შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის რვატონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.