შსს - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ შეტყობინება შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა
შსს - ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ შეტყობინება შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა

პოლიციაში თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის შესახებ შეტყობინება შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

შსს-ში აცხადებენ, რომ უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ“, – აცხადებენ შსს-ში.