შსს - აქციების მიმდინარეობისას, ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა შსს-ს 171 თანამშრომელი, დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება
აქციების მიმდინარეობისას, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 171 თანამშრომელი, დაშავებულთა ნაწილმა მიიღო სხვადასხვა მძიმე დაზიანება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 10-მდე პოლიციელს დასჭირდა რთული ქირურგიული ჩარევა, 40-მდე სამართალდამცველმა აქციის წევრების მიერ ნასროლი ქვების მოხვედრის შედეგად, სახის, თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ასევე შსს-ს 60-მდე თანამშრომელმა პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად მიიღო სახის, კიდურებისა და სხეულის მრავლობითი დამწვრობა, ერთ მოსამსახურეს კი, პიროტექნიკის მოხვედრით გამოწვეული დაზიანების შედეგად, მნიშვნელოვნად დაუქვეითდა სმენა.
„აქციების მიმდინარეობისას, მას შემდეგ, რაც შეკრება მშვიდობიანობის დარღვევის მასობრივ ხასიათს იღებდა, ვითარების დეესკალაციის მიზნით, შსს ატარებდა კანონით მინიჭებულ, თანმიმდევრულ ზომებს.
ხაზგასასმელია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე მუდმივად ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება, როგორც ოფიციალური განცხადებებით, ასევე ადგილზე, სპეციალური ხმოვანი საშუალებებით.
სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული მომიტინგეების შესახებ. საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ პოლიცია ახორციელებდა მოძალადე პირების დაკავებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე პირები წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს დაკავების მომენტში, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები აქვთ მიყენებული როგორც დაკავებულებს, ისე შსს-ს თანამშრომლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.