შსს - 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა
შსს - 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა

გასულ წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა. სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

საუბარია შემთხვევებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის კოდექსი ვრცელდება. 2019 წელს ამ მიზეზით 481 მოქალაქე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, 2020 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 640 ადამიანი დაშავდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 7 921-ს შეადგენდა.

გასულ წელს ქვეყანაში 4 999 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 840-ით შემცირებული მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან 23 მაისამდე პერიოდში, ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა და მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის ექვს საათამდე ქუჩაში გასვლა ეკრძალებოდათ (გარდა სპეციალური საშვების მქონე პირებისა). იმავე წლის 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გაადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რაც მოგვიანებით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდამდე გაიზარდა და ეს შეზღუდვა დღემდე გრძელდება.

ორგანიზაცია „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და მათ შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის შემცირება სწორედ აღნიშნულ შეზღუდვებს უკავშირდება, თუმცა, მისივე თქმით, მობილობის მკვეთრი ვარდნის გათვალისწინებით, კლება უფრო მასშტაბური უნდა ყოფილიყო, რაც არ მოხდა. ეკა ლალიაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ავტოავარიებისა და მათში გარდაცვლილთა სტატისტიკა ისევ მაღალია.