შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის იუსტიციის სახლში ღონისძიება გაიმართება
იუსტიციის სახლს დღეს გაერო-ს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლინი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვევიან.
სტუმრები გაერო-სა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე იმ ინიციატივებს გაეცნობიან, რომელთა მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისათვის იუსტიციის სახლის ფიზიკური სივრცისა და სერვისების სრული ადაპტირება.
სტუმრები იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდებიან და ასევე ჟესტების ენის ტრენინგში იუსტიციის სახლის ოპერატორებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან ყოველწლიურად 3 დეკემბერს აღინიშნება. მისი მიზანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საქმიანობის ყველა სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვაა.
„წლევანდელი საერთაშორისი დღის სლოგანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერება, საყოველთაობისა და თანასწორობის დაცვა“, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას, რომელიც მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგითაა გათვალისწინებული“, – ნათქვამია საქართველოში გაერო-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.