შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობაზე ფულადი ჯარიმები წესდება
შშმ პირებისთვის სივრცითი მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობაზე ფულადი ჯარიმები წესდება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის შვიდი წევრია.

ცვლილებების მიხედვით, ჯარიმის ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება, კერძოდ, ჯარიმები დადგენილია შემდეგნაირად:

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – მეორე კლასის შენობა-ნაგებობისთვის 4 000 ლარი; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისთვის – 15 000 ლარი; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისთვის – 20 000 ლარი; მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისთვის – 30 000 ლარი.

თვითმმართველ ქალაქში 2000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში, ქალაქში – 1000 ლარი; მუნიციპალიტეტის დასახლებაში, დაბასა ან სოფელში 500 ლარი.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო წერილობით გაფრთხილებას ადგენს და პირს მშენებლობის სივრცით მოწყობის, არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას ავალებს, რისთვისაც მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრება. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

​ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.