შშმ პირებისთვის სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოწმის დასწრება სავალდებულო აღარ იქნება
შშმ პირებისთვის სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოწმის დასწრება სავალდებულო აღარ იქნება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირებისთვის სანოტარო მოქმედების შესრულებისას მოწმის დასწრება სავალდებულო აღარ იქნება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს. მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.

სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შშმ პირებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი უწყებებია. იუსტიციის სახლებში გარე პერიმეტრზე დაპროექტებული და აშენებულია პანდუსი ეტლით მოსარგებლეებისთვის, მომსახურების დარბაზებში ეტლით გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი, თბილისის იუსტიციის სახლის სივრცეები მორგებულია უსინათლოებსა და მცირემხედველთა საჭიროებებზე. შიდა სივრცეში დაგებულია სპეციალური ტაქტილური ბილიკები; ბრაილის შრიფტითაა დამზადებული შესასვლელში განთავსებული სანავიგაციო რუკა და მიმართულების აღმნიშვნელი წარწერები. უკვე არსებობს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების თბილისის იუსტიციის სახლის მსგავსად ადაპტირების პროექტი. იუსტიციის სახლების 300-მა თანამშრომელმა უკვე გაიარა სპეციალური ტრენინგი და ჟესტების ენას დაეუფლა. წლის ბოლომდე სწავლებას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის.

ამასთან, შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს უწყებების ვებგვერდები და ონლაინსერვისები. მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც უსინათლო და მცირემხედველთათვის, ისე სმენადაქვეითებულთა და ყრუთათვის.