შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის პირველი ივლისიდან უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა ამოქმედდება
შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის პირველი ივლისიდან უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა ამოქმედდება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით პირველი ივლისიდან იურიდიული დახმარება უფასოდ გაეწევათ. შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ შორის დღეს გაფორმდება.

იურიდიული დახმარება მოიცავს ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში და იურიდიულ კონსულტაციებს.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენლის, ნინო კიკნაძის განცხადებით, უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ფსიქიკური დაავადების მქონე პირებს და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს გაეწევათ უფასო სამართლებრივი მომსახურება, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ კონსულტაციებს, არამედ სასამართლოში წარმომადგენლობას დაზარალებულის უფლებისთვის ბრძოლას და სხვას“, – განცხადა ნინო კიკნაძემ.

მისივე ინფორმაციით, პაციენტებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ათი მაღალკვალიფიციური ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

1-ელ ივლისს, პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.