შს სამინისტრომ საპოლიციო კონტროლის შედეგად 69 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ღონისძიებების შედეგად სულ დაკავებულია 69 პირი, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 32, აქედან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებისთვის ექვსი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 12. ასევე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 37 პირი.

გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულისათვის 4 ძებნილი პირია დაკავებული.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და 50 ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ნებაყოფლობით ჩაბარებულია 16. ასევე, ამოღებულია 33 ხელყუმბარა, 12 კაფსულ-დეტონატორი და 2278 ცალი ვაზნა.

საპოლიციო კონტროლი, რიგ შემთხვევებში გულისხმობდა ზედაპირული შემოწმების განხორციელებას და ის ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

საპოლიციო კონტროლის დროს სულ გადამოწმდა 36 330 პირი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.