შს სამინისტრო -  გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან
შს სამინისტრო - გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რუსთავის ორი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დაკავებას ეხმაურება.

შს-ის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის, ბექა დოჭვირის განცხადებით, ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

„საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.