შს მინისტრის მოადგილეებმა სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართეს
შს მინისტრის მოადგილეებმა სახალხო დამცველთან შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და ნინო ცაციაშვილმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შედგა და მას ომბუდსმენის მოადგილეც ესწრებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრეს, განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის მხრიდან გამოითქვა აქტიური თანამშრომლობის მზაობა, რათა ინფორმაციის გაზიარება და საარჩევნო პერიოდში არსებულ შესაძლო დარღვევებზე მყისიერი რეაგირება მოხდეს.

„შეხვედრის მიზანი გახლავთ წინასაარჩევნო პერიოდში ინციდენტებზე ინფორმაციის დროული მიწოდება, რათა ჩვენი მხრიდან რეაგირება იყოს მაქსიმალურად ოპერატიული. სახალხო დამცველმა, თავის მხრივ, ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა და ჩვენ, ჩვენი მხრივ, დავუდასტურეთ თანამშრომლობის სურვილი. შემდგომში ძალიან პროაქტიურად ვგეგმავთ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარებას. გარდა ამისა, ჩვენი მხრივ, დამატებითი კითხვები იქნა დასმული მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით და შემდგომში უკვე ველოდებით მათი მხრიდან ინფორმაციის დაზუსტებას“, – განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევებზე მუმდივი კომუნიკაცია ექნებათ.

„ვფიქრობ,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. შევთანხმდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებთან დაკავშირებით სავარაუდო დარღვევებზე, ინციდენტებზე გვექნება მუდმივი კომუნიკაცია. როგორც უკვე განვაცხადე, რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტივისტებს, სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების მასალის გამოყენებით აშანტაჟებდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი არის მზად, მიუხედავად იმისა, თუ სად მოხდება აღნიშნული შემთხვევა, კონფიდენციალურობის დაცვით, მსგავსი შემთხვევების გამოძიება დაიწყოს. შესაბამისად, ჩვენ სავარაუდო მსხვერპლებს უკვე გადავცემთ ამ კომუნიკაციის შედეგებს, რომ შსს არის მზად, ცენტრალურ დონეზე მსგავსი შემთხვევების მიმართვის თაობაზე დაიწყოს გამოძიება.

ვისაუბრეთ იმ შემთხვევებზე, რაც ომბუდსმენისთვის გახდა ცნობილი, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში. შევთანხმდით, მსგავსი ტიპის დარღვევებსა თუ შეტყობინებებზე სამომავლოდ როგორ შეიძლება გვქონდეს ერთობლივი რეაგირება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დატოვე კომენტარი