2020 წელს დაგეგმილია ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა
2020 წელს დაგეგმილია ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა

2020 წელს დაგეგმილია ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2020 წელს იგეგმება თბილისში ახალი დროებითი დაკავების იზოლატორის გახსნა.

„2020 წელს დაგეგმილია ახალი საპოლიციო შენობების, ასევე მეხანძრე-მაშველებისთვის ახალი დეპოების მშენებლობა. 2020 წელს თბილისში გაიხსნება ახალი დროებითი დაკავების იზოლატორი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტებით. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკისა და ტექნოლოგიების განახლება. ასევე სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის განვითარებას, მოგეხსენებათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა ლევან კაკავამ.

​საქართველოს პრემიერ-მინისტრი შს მინისტრის მოადგილისგან დაინტერესდა, თუ როგორ ხორციელდება მეხანძრე მაშველებისთვის ავტოტექნიკის განახლება.

„ჩვენ 2019 წლის დეკემბრამდე მივიღებთ ახალ თანამედროვე ძალიან მაღალი ხარისხის ხუთი ტონის მოცულობის სახანძრო ტექნიკას „მაგირუსის“ მარკის. ასევე შეძენილია უნიფორმები და მიმდინარეობს სამინისტროში ზამთრის ფორმების შემოსვლა. შეძენილია როგორც ტყის ხანძრების მიმართულებით ტექნიკა ასევე სხვა კუთხითაც“, – განაცხადა ლევან კაკავამ.

ამასთან შს მინისტრის მოადგილის თქმით, სასაზღვრო მიმართულებით ვერტმფრენების პარკზეც ისაუბრა.

„სასაზღვრო მიმართულებით ვეტრმფრენების პარკი შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად განახლდა. ორი მთლიანად კაპიტალურად შეკეთებული ვერტმფრენი უკვე ადგილზეა. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვა მესამე ვეტმფრენი, ხოლო ნოემბრის ბოლოს იქნება მეოთხე ვერტმფრენი და ჩვენ ხუთი, მთლიანად კაპიტალურად გარემონტებული საფრენი აპარატი გვეყოლება“, – განაცხადა კაკავამ.

ამასთან, მისივე თქმით, 2020 წელს შსს გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს.

„ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის ზრდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ღონისძებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, პოლიციელების ფინანსური და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის პირველი ივლისიდან სამინისტროში შემომავალ ყველა თანამშრომლეს ხელფასი გაეზრდება არანაკლებ 125 ლარით. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და გაგრძელდება ეს პროექტი“,-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.