შს მინისტრი ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტისას დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემს
შს მინისტრი ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტისას დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემს

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მედალს გადასცემს – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს, პოლიციელ თამაზ საველიევს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა იქ მყოფი ადამიანები და დღეს მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ძალადობის ყველა ფაქტზე მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას, განურჩევლად იმისა, ვინ არის ბრალდებული პირი.

კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ დაუშვებს პოლიციელებზე თავდამსხმელის დაუსჯელობას. პოლიციელის ღირსება და მუნდირი უკომპრომისოდ იქნება დაცული“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.

„ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები მიაყენა კლუბ „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს. საგულისხმოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაიჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, მაშინ, როდესაც თავდასხმის დროს კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბრალდების მხარემ კლუბ „ბასიანის“ ინციდენტის დროს დაკავებულის გირაოთი გათავისუფლება გაასაჩივრა.