შრომითი დებულებების დარღვევაზე როგორც გაფრთხილების, ასევე ჯარიმის დაწესება იგეგმება
შრომითი დებულებების დარღვევაზე როგორც გაფრთხილების, ასევე ჯარიმის დაწესება იგეგმება

შრომითი დებულებების დარღვევაზე გათვალისწინებული იქნება როგორც გაფრთხილება, ასევე ჯარიმა. პარლამენტში წარდგენილ „შრომის კოდექსში“ აღნიშნულია, რომ ჯარიმის გამოთვლის მეთოდი იგივეა, რაც გათვალისწინებულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონით.

კერძოდ, თითოეული დარღვევისთვის იქნება – გაფრთხილება ან დაჯარიმება შემდეგი ოდენობით: წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა; ასევე წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში კი (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა; აგრეთვე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა;

ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (ფიზიკური პირის გარდა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის; ამასთან, კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ ჯარიმა იქნება ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (ფიზიკური პირის გარდა), არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დებულებების დარღვევა არასრულწლოვნის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით (იგულისხმება – წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა).