საქსტატი – 2026 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 7.1 პროცენტით გაიზარდა

11:23, 19.06.2026

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.03 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 7.1-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის აპრილთან შედარებით ფასები 0.5 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.04 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.5 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 4.8-პროცენტიანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.48 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 24.6 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.7 პროცენტი);

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 6.5 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 5.2 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (6.5 პროცენტი) და სასმელებზე (4.0 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.1 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი