შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა იანვარში 197 ლარი შეადგინა
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა იანვარში 197 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.  გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 194.8 ლარი იყო, მიმდინარე წლის იანვარში კი, ეს მაჩვენებელი 197.0 ლარზე დაფიქსირდა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, 2020 წლის იანვარში 1.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 174.4 ლარს შეადგენს. 3 ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და იანვარში 330.4 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით იანვარში შემდეგი მონაცემები ფიქსირდება: ერთსულიან ოჯახზე თანხა – 174.4 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 279.1 ლარით, სამსულიანზე – 314.0 ლარით, ოთხსულიანი – 348.9 ლარი, ხუთსულიანი – 392.5 ლარი, ექვსსულიანი და მეტი – 464.0 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

დატოვე კომენტარი